ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში, ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ავტოსამრეცხაო გარემოს ზიანს აყენებს. კერძოდ, დაბინძურებული წყალი მდინარეში ჩაედინება.
ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ მოსახლეობამ მიაწოდა. ადგილზე გადამოწმებისას ირკვევა, რომ სარეცხი საშუალებებით დაბინძურებული წყალი ღია არხში ხვდება, საიდანაც ის მდინარეს უერთდება. წყლის ზედაპირზე შეინიშნებოდა ქაფი, ხოლო არხში ჭუჭყიანი წყლის ნაკადი.
როგორც გავარკვიეთ, ავტოსამრეცხაო კერძო ტერიტორიაზეა მოწყობილი და ქობულეთის მერიასთან შეთანხმებულია. ჩვენი ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია ისე, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
ავტოსამრეცხაო ქობულეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს, იმედა ქათამაძეს ეკუთვნის. დოკუმენტაციაში კი მესაკუთრედ, ფორმალურად, მისი დედა, ნათელა ქათამაძე ფიქსირდება.
„გეშლებათ, ჩემი არ არის სამრეცხაო,“ – განუცხადა „აჭარა თაიმსს“ იმედა ქათამაძემ, რის შემდეგაც ჩვენთან სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.
ავტოსამრეცხაოს საჯარო მოხელის ოჯახთან კავშირს ქობულეთის მერიაში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაკეთდა.



