საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2026 წლის 23 ივნისს საქმეზე „ქარჩავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ბათუმში კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა.
საქმე ეხება 2022 წლის 28 დეკემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ, მემედ აბაშიძის ძეგლთან გამართულ ერთი კაცის საპროტესტო აქციას. ზურაბ ქარჩავა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობას აპროტესტებდა და ამ მიზნით კარავი ჰქონდა გაშლილი.
საიას ცნობით, ადგილზე პოლიციამ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა. სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ აქცია საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას უშლიდა ხელს, არსებობდა მემედ აბაშიძის ძეგლის დაზიანების საფრთხე და პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას აფერხებდა.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის დაკავება, პროტესტის ადგილიდან იძულებით გაყვანა და შემდგომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა წარმოადგენდა ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც უნდა შეფასებულიყო შეკრების თავისუფლების კონტექსტშიც.
სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს არგუმენტები და მიუთითა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს, რეალურად იდგა თუ არა კარავი კანონით განსაზღვრულ დაშორებაზე და არსებობდა თუ არა რაიმე რეალური საფრთხე. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ მშვიდობიან პროტესტს არც ძეგლისთვის შეუქმნია საფრთხე და არც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.
ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სანქცია არ იყო პროპორციული, რადგან საქმე მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას არ შეეხებოდა, აქტივისტი დააკავეს, აქციის ადგილიდან გაიყვანეს და 24 საათის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფეს, რასაც სასამართლოს შეფასებით შეეძლო გამოხატვის თავისუფლებაზე ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“ მოეხდინა.
გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს ზურაბ ქარჩავას სასარგებლოდ 1 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.



