ბათუმში ევროპის დღე მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მასპინძლობდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერაქციული სტენდები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, პარტნიორი ორგანიზაციები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში, ვიქტორინებში, „ცოდნის ბორბალში“, ფოტოგრაფიის მასტერკლასში, ვირტუალურ მოგზაურობასა და „მწვანე კუთხის“ პროგრამაში.
ევროპის დღის ფარგლებში გაიმართა ცოცხალი მუსიკალური შესრულებები, საბავშვო თეატრის წარმოდგენები, ადგილობრივი მოსწავლეების კონცერტი, live პოდკასტი და გასტრონომიული სივრცე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულინარიული კულტურა იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის წარმოჩენა და ევროპული ღირებულებების, მრავალფეროვნების, თანამშრომლობისა და საერთო წესების მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა 30 წელზე მეტს ითვლის.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ევროპის ძალა მრავალფეროვნებასა და საერთო წესებზე შეთანხმებაშია.
„ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, თუმცა ევროკავშირის გზაზე წინსვლა დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება.
„30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა ელჩმა.



