„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – ბათუმში მცხოვრებლები ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ. თამარ მეფის გამზირის N1-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე მათ ემუქრება, აკონტროლებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს.
მობინადრეების თქმით, ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მათ მიმართ სხვადასხვა ფორმით აგრესიულ დამოკიდებულებას ავლენს. მათი განცხადებით, ერთ-ერთი მუქარის დროს მან თქვა: „პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“.
მოქალაქეები ამბობენ, რომ კორპუსში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომელთა საშუალებითაც მობინადრეებს აკვირდებიან. მათი თქმით, კამერებით გადაღებულ კადრებს თავმჯდომარე სხვადასხვა ჯგუფში ავრცელებს.
მობინადრეების განცხადებით, მათ ასევე ეკრძალებათ ეზოში ავტომობილების გაჩერება, ხშირად იკეტება სადარბაზოს კარები, ხოლო მათ მიმართ თავმჯდომარე დამამცირებელ და დამცინავ გამონათქვამებს იყენებს. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ბათუმის მერიასა და პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
მათი თქმით, 176 მობინადრე ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლას ითხოვს. მოქალაქეების განცხადებით, მათ მერიაში შესაბამისი განცხადების ჩააბარეს თუმცა არ იღებენ. მობინადრეები ასევე აცხადებენ, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შესახებ განცხადებას მხოლოდ 10 ადამიანი აწერს ხელს და მათი უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

