„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს.
ორგანიზაციამ კომისიის მიერ ტელეკომპანიებისთვის შედგენილი შვიდი მოხსენებითი ბარათი შეისწავლა და დაადგინა, რომ ჯამში, „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრძალული 101 სიტყვიდან და ფრაზიდან 93 განსხვავებულია.
კვლევის მიხედვით, კომისიამ „ფორმულასთვის“ 68, ხოლო „ტელეკომპანია პირველისთვის“ 33 სიტყვისა და ფრაზის გამოყენება მიიჩნია დარღვევად.
ჩამონათვალშია ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „პოლიტიკური პატიმრები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „ოცნების ხელისუფლება“ და „რეპრესიული კანონები“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, ძირითადად, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასა და ამბების ჟურნალისტების პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომისიამ „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველს“ ამ მიზეზით შვიდი მოხსენებითი ბარათი შეუდგინა. თავდაპირველად მაუწყებლები სიტყვიერად გააფრთხილეს, შემდეგ კი თითოეული მათგანი ჯერ 2 500, მომდევნო შემთხვევაში კი 5 000 ლარით დააჯარიმეს.
1 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრებმა, ივანე მახარაძემ და ანი ვაზაგაშვილმა მიიღეს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომისიის მიდგომა კრიტიკული ტელევიზიების ფინანსურ დასუსტებასა და მათი საქმიანობის შეზღუდვის რისკს ქმნის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე მიუთითებს, რომ კომისიას მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს.
ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია არ უნდა ასრულებდეს ცენზორის ფუნქციას და კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად არ უნდა გამოიყენებოდეს. მისი პოზიციით, სადავო საკითხები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა განიხილებოდეს.

