22 წლის თამაზ თხილაიშვილმა, რომელიც დაბა ლაითურში მდებარე №1 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შესახებ მისი დედა, სალომე მახარაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს.
დედის თქმით, მისი შვილი კარცერშია მოთავსებული. სალომე მახარაძე ამტკიცებს, რომ ბრალდებულზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ და ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას არ აძლევენ.
როგორც სალომე მახარაძე გვიყვება, დღეს შვილს შეხვდა და მის სხეულზე თვითდაზიანებების კვალი თავად ნახა. მისივე მტკიცებით, თამაზ თხილაიშვილი პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა ფიზიკურადაც სცემეს.
სალომე მახარაძის განცხადებით, ბადრაგები მის შვილს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების უარყოფასა და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას აიძულებდნენ.
პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება ბრალდებულის ადვოკატიც, რომელიც ამ წუთებში თავის დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაციას მიაწვდის თამაზ თხილაიშვილი ადვოკატს და რა გარემოებებს გაასაჯაროებს დაცვის მხარე.
დედის ინფორმაციით, მისი შვილი საპატიმროში დაახლოებით ოთხი თვის წინ მოათავსეს. თამაზ თხილაიშვილი ბათუმში ჯგუფური ცემის ბრალდებით დააკავეს.
„აჭარა თაიმსი“ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებასა და მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტების მიღებას ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

