„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებული რვა კომპანიის დირექტორებმა, მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ჯამში 1 536 000 ლარი შესწირეს. კვლევის თანახმად, ამ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 4 მილიონ ლარამდე მიიღეს.
ორგანიზაციამ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე ბათუმის მერიის მიერ მუნიციპალური უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები შეისწავლა.
კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის მერიამ 118 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათგან 60 მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა. 57 შემდგარი აუქციონიდან 52 უკონკურენტო იყო, ანუ ქონება მხოლოდ ერთი მონაწილეს მიერ შეთავაზებული ფასით გაიყიდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 57 აუქციონის შედეგად, ჯამში 8 954 კვადრატული მეტრი ფართობის 57 მიწის ნაკვეთი გაიყიდა. მათი საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 10 192 110 ლარი იყო, საბოლოოდ კი ბათუმის ბიუჯეტმა 10 676 396 ლარი მიიღო.
კვლევის ავტორების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში გამართული აუქციონების დროს ქონება საწყის საპრივატიზებო ფასთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ხოლო უკონკურენტო აუქციონებზე ფასნამატი მინიმალური იყო.
ანგარიშში ცალკეა განხილული ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიების შემთხვევა. ორგანიზაციის ცნობით, მისმა კომპანიამ „ოპუს სიგნიჩარმა“ 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტო აუქციონებზე, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა №62-სა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთები, შესაბამისად, 367 950 და 1 333 550 ლარად შეიძინა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ აუქციონებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის იყო შპს „სოლიდი“, რომელსაც ორგანიზაციის მონაცემებით, დაფუძნებიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 3 861 398 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. მათ შორის, კომპანიამ უკონკურენტოდ მოიგო 1 107 024 ლარის ჯამური ღირებულების 82 ელექტრონული ტენდერი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე: შპს „ქონექთ პროპერთი ჯორჯია“ 2025 წლის 24 იანვარს დარეგისტრირდა, ბათუმის მერიის შესაბამისი აუქციონის გამოცხადებამდე ექვსი დღით ადრე.
კვლევა ეფუძნება ორგანიზაციის მიერ შესწავლილ ელექტრონულ აუქციონებსა და კომპანიების, მათი მფლობელებისა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ მონაცემებს.

