ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავე სასწავლებლის ერთ-ერთ სტუდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ის გოგონებს თავდაპირველად სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დახმარებას ჰპირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი მათ სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა. ზოგიერთ მათგანს კი სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა.
ბოლო ორი დღეა, გოგონები სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხზე აქტიურად საუბრობენ. თავდაპირველად რამდენიმე ახალგაზრდა ბრალდებებზე ანონიმურად წერდა, მოგვიანებით კი მათ მიმოწერების ნაწილის გასაჯაროებაც დაიწყეს. სტუდენტების მტკიცებით, აღნიშნული პირი თავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად წარადგენდა.
„მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი“ – განუცხადეს „აჭარა თაიმსს“ ბათუმის მერიაში საკითხის კომენტირებისას.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდულ საბჭოს წარმოადგენს.
გავრცელებული ბრალდებების შემდეგ მისი სოციალური ქსელის გვერდი აღარ იძებნება. „აჭარა თაიმსი“ მასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. თუ ბრალდების ადრესატი დაგვიკავშირდება, მზად ვართ, მოვისმინოთ მისი პოზიცია და მასალა განვაახლოთ.
სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ იმ ჯგუფის ადმინისტრატორი, სადაც თავდაპირველად საკითხის განხილვა დაიწყო, მათი პოსტებისა და კომენტარების უმეტესობას შლის ან ავტორებს ბლოკავს.
მათი თქმით, სწორედ ამის შემდეგ შექმნეს ალტერნატიული ჯგუფი, სადაც შესაძლო შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებული მიმოწერებისა და სხვა მტკიცებულებების შეგროვება დაიწყეს.
„აჭარა თაიმსი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა. უნივერსიტეტის პოზიციას მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.
დაიწყო თუ არა აღნიშნულ მძიმე ბრალდებებზე გამოძიება, კითხვით „აჭარა თაიმსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

