გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების საკითხი არაერთ ათეულ წელს ითვლის. დაპირებებს ამ ტერიტორიის განვითარების, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური ინტერესისა და ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხის შექმნის შესახებ ხშირად ვისმენთ, თუმცა კონკრეტული პროექტის განხორციელება არაერთხელ გადაიდო.
2025 წელს გონიოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბარი კვლავ გააქტიურდა, ამჯერად არაბულ კომპანია „Eagle Hills“-თან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში. 2026 წელს კი პროცესმა ახალი ეტაპი გაიარა: კომპანიას მიწის ნაკვეთები უზუფრუქტის უფლებით გადაეცა, ხოლო პროექტის ტერიტორიის რეგულირების საზღვრები გაფართოვდა.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 ნოემბრის №533 დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ კი გვატყობინებს, რომ ყოფილი პოლიგონისა და ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთები განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში მოექცა.

ამ პროცესის შეფასებისას მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რა აშენდება გონიოში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში სახელმწიფოს გეგმები, რა უფლებები მიიღო ინვესტორმა, რა რჩება საზოგადოებისთვის უცნობი და როგორ შეიძლება, რომ პროექტმა ჭოროხის დელტა და მისი ბუნებრივი გარემო შეცვალოს.
დაპირება, რომელიც წლების განმავლობაში მეორდებოდა
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების ისტორია ჯერ კიდევ 2014 წელს გააქტიურდა. სამუშაოს ფარგლებში გათვალისწინებული იყო ბაზრის კვლევა, გენერალური გეგმის მომზადება, ზონირება და ტერიტორიის სტრატეგიული დაგეგმვა. მომდევნო წლებში სხვადასხვა კონცეფცია განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გეგმა არ არსებობდა.
2016 წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გონიოს ტერიტორია შეიხ ნაჰაიანს გააცნო და მისი საინვესტიციო პოტენციალი დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2021 წელს პროექტის განხორციელების საკითხი კვლავ გააქტიურდა. 2025 წლის იანვარში კი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია ახალი საინვესტიციო ინიციატივის შესახებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გონიოს პოლიგონის განვითარება ამ ინიციატივის ერთ-ერთ მიმართულებად დაასახელა.
მიწა, უზუფრუქტი და გადაწყვეტილებების მიღების წესი
2025 წლის განმავლობაში გონიოს ყოფილი პოლიგონის საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ტერიტორია აჭარის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №235 დადგენილებით კი ყოფილ პოლიგონსა და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატულ მეტრს, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიის სივრცითი და სამშენებლო განვითარება სპეციალური წესებით უნდა წარიმართოს.
2026 წლის 13 ივლისს BM.GE-მ, უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ გონიოში ოთხი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი, ორი წლის ვადით უზუფრუქტის უფლებით გადაეცა. ამავე წყაროს ცნობით, გონიოში დაგეგმილია იახტ-კლუბის, სასტუმროების, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ობიექტების, მათ შორის, ხელოვნური აკვატორიის მოწყობა. აქვე შეგახსენებთ, რომ 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მთლიანად გონიოს არ ეკუთვნის: ეს თანხა გონიოსა და კრწანისის პროექტებს მოიცავს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, უცნობია, რა ოდენობის ინვესტიცია გამოიყოფა უშუალოდ გონიოსთვის.

რაც შეეხება კომპანიის საკუთრების სტრუქტურას, BM.GE-ის თანახმად, შპს „იგლ ჰილს საქართველოში“ სახელმწიფოს 33.33%-იანი წილი აქვს, ხოლო 66.67% ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ Eagle Hills Development Holdings Limited-ს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროექტში მხოლოდ მარეგულირებლისა და მიწის მესაკუთრის როლით კი არ მონაწილეობს, არამედ კომპანიის თანამფლობელია. სწორედ ამგვარი მოდელის გამო, სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება, აცნობოს საზოგადოებას, თუ რა პასუხისმგებლობები იკისრა თითოეულმა მხარემ და როგორ ნაწილდება რისკები და სარგებელი. თუმცა მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის №1712 განკარგულებით, Eagle Hills-თან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, აქციონერთა შეთანხმება და თანმხლები დოკუმენტაცია მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. შედეგად, ხელშეკრულების ძირითადი პირობები და დანართები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.
გარემოსდაცვითი საკითხი: ჭოროხის დელტა
პროექტის განხორციელება გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. გონიოს ტერიტორია დაკავშირებულია ჭოროხის დელტასთან, რომელიც ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის ბერნის კონვენციის ფარგლებში შექმნილი ზურმუხტის ქსელის ნაწილია. ევროპის საბჭოს ოფიციალურ დოკუმენტებში ჭოროხის დელტა რეგისტრირებულია კოდით GE0000054. 2019 წლის ოფიციალური ჩამონათვალის მიხედვით, ფართობი 2 232 ჰექტარია.
დოკუმენტში ასევე მითითებულია ფრინველის 86 სახეობა და ორი ჰაბიტატი (საცხოვრებელი გარემოს ტიპი). ზურმუხტის ქსელი საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის იდენტური არ არის, თუმცა მას მნიშვნელოვანი საერთაშორისო გარემოსდაცვითი დატვირთვა აქვს. ამიტომ პროექტის განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რამდენად სრულყოფილად შეფასდება ამ ეკოსისტემაზე მშენებლობის, სანაპირო ზოლის ცვლილების, ხელოვნური აკვატორიის მოწყობისა და ინფრასტრუქტურის ზემოქმედება.

