აჭარის განათლების სამინისტროსთან შშმ პირებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ინკლუზიური განათლების სამმართველო ცალკე სტრუქტურად აღარ იარსებებს და ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს შეუერთდება.
აქციის მონაწილეების შეფასებით, გადაწყვეტილება თემის წევრების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული. მათი თქმით, ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს შშმ პირთა საჭიროებებს და მათ ჩართულობას პროცესებში არ ითვალისწინებს.
„როცა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩვენი ხმა არ ისმის, ჩვენი საჭიროებები არ განიხილება. ეს ნიშნავს, რომ სისტემა კვლავ უგულვებელყოფს,“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
სამინისტროსთან მისულ შშმ პირებს, უწყებამ პოლიცია გამოუძახა. პროტესტის მონაწილეებთან სასაუბროდ სამინისტროდან არც ერთი წარმომადგენელი გამოჩენილა. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც აქციას შეუერთდნენ, შენობის შესასვლელთან შშმ პირთა გზავნილები დატოვეს.
მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეტლით მოსარგებლე თათო მახარაძე მონიტორინგის მიზნით სამინისტროს შენობაში შევიდა. აღმოჩნდა, რომ შენობა შშმ პირებისთვის არაა ადაპტირებული. მისი თქმით, ადმინისტრაციულ შენობას მხოლოდ პანდუსი აქვს, თუმცა მას შემდეგ, რაც მოქალაქე პანდუსს გაივლის, ბარიერს ეჯახება – გადაადგილება შენობაში შეზღუდულია.



