გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 17 ივნისამდე პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ერთი — აჭარაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და უკვე გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში შემდგომი რეაგირების მიზნით.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევთა მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 243 732,5 ლარს შეადგენს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.
ყველაზე მეტი დარღვევა — 5 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა. შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში თითოეულში 3-3 შემთხვევა გამოვლინდა, ქვემო ქართლში — 2, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში — თითო-თითო.



