
ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები 2019 წლის 22 აგვისტოს N20 დადგენილებაში, რაც შეეხება ქალაქის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ). ცვლილება უშუალოდ გოგებაშვილისა და ბარბიუსის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც დეველოპერი შპს „ბათუმი რივიერა“ ახორციელებს მსხვილმასშტაბიან პროექტს.
დეველოპერმა საკრებულოს მიმართა 2025 წლის აპრილში, რითაც მოითხოვა გეგმის კორექტირება. ცვლილებების მიხედვით:
- მესამე ფაზის სასტუმროს შენობის მაღლივი ნაწილი 90 გრადუსით მოტრიალდა, რაც მათივე განმარტებით, რუსთაველის ქუჩის მხრიდან ზღვის ხედვას ხსნის;
- პირველი ფაზის შერეული ფუნქციის შენობა დადაბლდა, რაც საზოგადოებრივი პარკიდან ზღვისკენ ხედვის არეალს აფართოებს;
- ხუთი მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად აშენდება სამი, რაც არქიტექტორების თქმით, კომპლექსს უფრო მსუბუქ იერს აძლევს;
- ტერიტორიაზე იგეგმება საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები, ასევე საჯარო სივრცეები, ხელოვნური აუზები და ვერტიკალური ბაღები ფასადებსა და ტერასებზე;
- ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი დაუკავშირდება სახელმწიფო პარკს, რაც ბულვარის ზოლს გააფართოებს;
პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ცვლილებებით ტერიტორია გახდება უფრო გამწვანებული და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო კოეფიციენტის (კ1) 0.7 ფარგლებში ათვისება – ამჟამად 0.5 – მეტ საზოგადოებრივ სივრცეს იძლევა.
მიუხედავად კორექტირებისა, პროექტი კვლავ მოიცავს ცათამბჯენების მშენებლობას, რაც აჩენს კითხვებს ქალაქის ურბანულ სტაბილურობასა და ზღვისპირა ზოლის იერსახეზე. დადგენილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ შენობების საბოლოო სიმაღლეებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განსაზღვრავს, რაც მიუთითებს, რომ ობიექტები იმდენად მაღალი იქნება, რომ მათი პარამეტრები ავიაციის უსაფრთხოებასაც შეეხება.
„ბათუმი რივიერას“ პროექტი წლების განმავლობაში კრიტიკის საგანია. ქალაქში მრავალი არქიტექტორი და ურბანისტი მიუთითებს, რომ მასიური მაღლივი მშენებლობები ზღვისპირა ზოლში არღვევს ქალაქის ისტორიულ სილუეტს, ზრდის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ დატვირთვას და საფრთხეს უქმნის ჰაერისა და სივრცის თავისუფალ ცირკულაციას.
ინფორმაციისთვის: პროექტი არაერთი პროტესტის მიზეზი გახდა. მშენებელი კომპანიაა შპს „ბათუმი რივიერა“, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ სტრუქტურაში შედის. კომპანიას ბათუმის კონცხზე ჯამში 6 ჰექტრამდე (59 042 კვ.მ) მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში.
ცნობისთვის: ღია წყაროების თანახმად, მფლობელების ქსელი ასეთია:
- შპს „ბათუმი რივიერას“ მფლობელია შპს „რივიერა“, მისი მფლობელი – შპს „სილქ რიალ ისთეით“, „სილქ რიალ ისთეითის“ 5% ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას „ამფიდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“, ხოლო 95% – შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100% ასევე მალტაში რეგისტრირებულ „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედს“ ეკუთვნის.
გარემოება: ბათუმის კონცხზე მიმდინარე პროექტის უკან დგას ოფშორულ ჯაჭვში რეგისტრირებული სტრუქტურა, რომლის საბოლოო მფლობელობა დაკავშირებულია „სილქ როუდ ჯგუფთან“.
ბათუმში 60-სართულიან შენობებს აშენებენ – ქალაქის იერსახე ისევ იცვლება