
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიისა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება.
ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული პროცესისთვის დიდწილად არ არის დაცული.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას. ორგანიზაცია განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რომელიც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული.
„ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად სტანდარტული მეთოდოლოგიით დამკვირვებლობის შეზღუდვისა, „სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე მონიტორინგს.