ბათუმში, ბოლო თვეების განმავლობაში, პროევროპული აქციების მუდმივი მონაწილე არაერთია, მაგრამ ერთმა ადამიანმა, რომელიც თითქოს ქუჩაში რთულ მეტეო პირობებშიც კი არ უნდა ყოფილიყო – თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასაკითა და გადაადგილების სირთულეებით – ბევრისთვის რეალური სიმბოლო და მაგალითი გახდა.
გაგაცნობთ ჯუნა რუხაძეს, 70 წლის პენსიონერს, რომელიც უკვე 200 დღეზე მეტია, ყოველდღიურად ქუჩაშია და აპროტესტებს საქართველოს ევროპული კურსის შეჩერებას.
ხელში ყავარჯნით, შავებში შემოსილი ქალი გარეუბანში ცხოვრობს. იმისთვის, რომ საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის შენობასთან მივიდეს, სამ სხვადასხვა მუნიციპალურ ტრანსპორტს იცვლის. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება უჭირს, არც ერთ მსვლელობას აკლდება – როგორც თავად ამბობს, მისთვის ეს არის საკითხი, რომელზეც დუმილი არ შეუძლია.
„ევროპაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ ადამიანებზე ფიქრობენ და ზრუნავენ. ღირსეულად ცხოვრობენ, უვლიან მოხუცებს, აქვთ ჯანდაცვა, განათლება, თავისუფლება. ეს ყველაფერი ჩვენს შვილებსაც ეკუთვნით. და ამიტომ ვდგავარ აქ,“ – გვეუბნება ჯუნა.
მისთვის ბრძოლა ევროკავშირის წევრობაზე გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური არჩევანი – ეს არის ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. მაშინ, როცა ბევრი ახალგაზრდა ვერ ბედავს პროტესტში ჩართვას ან სხვადასხვა მიზეზით ფიქრობს, რომ მისი ხმა არაფერს შეცვლის, ჯუნა რუხაძე ყოველდღე აჩვენებს საპირისპიროს – რომ ნებისყოფა, პრინციპი და პასუხისმგებლობა ასაკზე და შესაძლებლობებზე მეტად განსაზღვრავს, თუ ვინ იბრძვის თავისუფლებისთვის.
ის არ მალავს მწვავე კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ფიქრობს, რომ ქვეყანა ოლიგარქიულ მმართველობას ემორჩილება და დემოკრატია საფრთხეშია, მაგრამ ყველაზე მეტად აფასებს ახალგაზრდების აქტიურობას. ამბობს, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული მომავალი და ამიტომ, მუდამ მოუწოდებს, არ დანებდნენ:
„მინდა, რომ ახალგაზრდებმა არ დაიხიონ. დღეს თუ გაჩერდებიან, ხვალ ვეღარასდროს წამოდგებიან. მჯერა, რომ მათი ხმა ყველაზე მძლავრია.“



