„არა რუსულ სპეცოპერაციას“ — ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.
მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციების დროს დაკავებულ პირებს და მათ ოჯახებს, ასევე მოითხოვეს მათი გათავისუფლება. საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ თბილისში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები.
სოლიდარობის ნიშნად, აქციის მონაწილეები გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ოფისთანაც მივიდნენ, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.



