საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთაგან მხოლოდ 5.1% იყო აჭარაში რეგისტრირებული.
აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს სხვა წამყვან რეგიონებს – მაგალითად, თბილისში კონცენტრირებულია ამ სექტორის 35.5%, ხოლო იმერეთში – 17.3%.
აჭარაში ბაზრობების შემცირებული წილი საყურადღებოა როგორც ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირების, ისე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის სივრცითი განაწილების კუთხით. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით ბაზრებისა და ბაზრობების 95.9% კერძო საკუთრებაშია, 75.1% – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მფლობელობაში. ინდივიდუალური მეწარმეები კი 21.8%-ს შეადგენენ.
ბაზრობების ინფრასტრუქტურა მოიცავს 2 მილიონ კვ.მეტრ ფართობს, 61 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორიას, 1,059 შემნახველ საკანსა და 366 მაცივარს. მიუხედავად ინფრასტრუქტურული მოცულობისა, მხოლოდ 36.1% ბაზარია სრულად გადახურული, რაც კლიმატურ პირობებთან ადაპტაციისა და მომხმარებელთა უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ სუბიექტებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 32.4% ქალი იყო. დასაქმებულთა თითქმის ნახევარი – 46.9% – თბილისზე მოდის.
2024 წელს ბაზრობებით დაკავებულმა სუბიექტებმა 194.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რომლის უდიდესი წილი – 86.2% (167.6 მლნ ლარი) – სავაჭრო ფართის გაქირავებაზე მოდის. ერთჯერადი გადასახადის სახით შემოსავალმა მხოლოდ 6.2% შეადგინა. დანახარჯების მოცულობა – 115.2 მლნ ლარი – მიუთითებს სექტორის მასშტაბურ ოპერაციულ ხარჯებზე, საიდანაც თითქმის 49 მლნ ლარი შრომის ანაზღაურებაა.



