ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვალერი ქოჩიაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
გადაწყვეტილების შესახებ თავად ქოჩიაშვილმა სოციალურ ქსელ თიკთოკ-ზე ისაუბრა. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც მან ატვირთა, ქოჩიაშვილი ამბობს: „მოვიწოდებ მთავრობას, დროულად გააძევონ გერმანიის ელჩი საქართველოდან. რისთვის ვითმენთ და კიდე მე მაჯარიმებთ 1000 ლარით?!“
ინფორმაციისთვის: ინციდენტი 18 მაისს მოხდა, როდესაც ქოჩიაშვილმა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს საჯაროდ აგინა.
ვალერი ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიური ფიგურაა. ის რეგულარულად აქვეყნებს ვიდეოებს თიკთოკ-ზე, სადაც ხშირად ოპოზიციურ ლიდერებს აკრიტიკებს და შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებს.



