2025 წლის 22 ივნისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში პირველად ჩატარდა ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ტურნირი — WFF PRO QUALIFIER CHAMPIONSHIP GEORGIA 2025. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სპორტსმენმა, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ტურნირი მოიცავდა ათ სხვადასხვა კატეგორიას და მიმდინარეობდა როგორც ქალ, ისე კაც სპორტსმენებს შორის.
მსოფლიოს ფიტნესის ფედერაციის (WFF) — საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი ღამბაშიძის თქმით, მსგავსი დონის ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება. მისი ორგანიზებით მიზნად ისახება ბოდიბილდინგისა და ფიტნესის პოპულარიზაცია და ამ სპორტის მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„ეს ტურნირი პირველად ტარდება WFF-ის ეგიდით, და პირველად — ბათუმში. საქართველოში ბოდიბილდინგი და ფიტნესი ჯერ კიდევ ჩამორჩება განვითარებით სხვა ქვეყნებს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მსგავსი ჩემპიონატის ორგანიზება. მჯერა, რომ საქართველოში არის პოტენციალი, ვიყოთ მსოფლიო დონის ბოდიბილდერები,“ — აღნიშნა გიორგი ღამბაშიძემ.
ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე, გიგი მამაცაშვილი, რომელიც ამჟამად რუმინეთში გასამართი შეჯიბრისთვის “მისტერ ოლიმპია მოყვარულებისთვის” ემზადება, ამბობს, რომ ამ ტურნირმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.
„ბოდიბილდინგი საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და რაც უფრო მეტად მოხდება მისი პოპულარიზაცია, მით უკეთესი. შეჯიბრი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. სცენა იდეალური იყო იმის გასაგებად, სად გვაქვს გასაუმჯობესებელი — პროპორციები, ფორმა… დრო გვაქვს ორი თვე და ამ პერიოდში მაქსიმალურად ვეცდები მინუსების გამოსწორებას. ეს ტურნირი ნამდვილად დამეხმარა,“ — აღნიშნა გიგი მამაცაშვილმა.
ტურნირი განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა უცხოელი მონაწილეებისთვისაც. ერთ-ერთი მათგანი, ელმირა ბალუჟენიჩი, ამბობს, რომ მას მსგავსი დონის ტურნირზე პირველად მოუწია გამოსვლა:
„ყველაფერი ძალიან კარგია — ამაღელვებელი და საინტერესო. პირველად ვმონაწილეობ ასეთ შეჯიბრებაზე და ემოციებით გადავსებული ვარ. ყველა მონაწილე გოგონა ძალიან კარგად გამოვიდა, ამიტომ მგონია, რომ ყველანი გამარჯვებულები ვართ,“ — განაცხადა ელმირა ბალუჟენიჩმა.
ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, WFF PRO QUALIFIER CHAMPIONSHIP GEORGIA ტრადიციულ ღონისძიებად ჩამოყალიბდება და ყოველწლიურად გაიმართება.
„ჩემპიონატის დაგეგმვა ერთი წლის წინ დავიწყეთ. ეს იყო პირველი ტურნირი, თუმცა ის საფუძველს ქმნის, რომ შევქმნათ ტრადიცია და ჩემპიონატი ყოველ წელს ჩავატაროთ,“ — აღნიშნა გიორგი ღამბაშიძემ.
ჩემპიონატი ორგანიზებული იყო მსოფლიოს ფიტნესის ფედერაციის — საქართველოს წარმომადგენლობის მიერ და მიზნად ისახავდა ბოდიბილდინგისა და ფიტნესის განვითარებას რეგიონში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



