ევროპარლამენტმა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობას, “ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკას და არასამთავრობო ორგანიზაციებზე მზარდ ზეწოლას. რეზოლუცია პირდაპირ მოითხოვს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის, ასევე სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
რეზოლუციას 436 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 324-მა, წინააღმდეგი წავიდა 25, ხოლო თავი შეიკავა – 87-მა.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კრიტიკული ხმების ჩასახშობად იყენებს ავტორიტარულ სტრატეგიას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობაზე, რომელზეც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ის ფაქტობრივად გაანადგურა, ხოლო საინფორმაციო სივრცე სრულად დომინირებულია პრორუსული ტიპის პროპაგანდის გამავრცელებელი, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებებით.
მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტარები წერენ, რომ “ოცნებამ” მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ინსტიტუტმა გააკრიტიკა, მათ შორის სახალხო დამცველმა. ხაზგასმულია, რომ საქმე ჩაბარდა მოსამართლეს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია.
რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის ბოლო ტალღას. ევროპარლამენტი მკაცრად აკრიტიკებს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ხუთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მხოლოდ სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს ბოლო წელიწად-ნახევრის დეტალური ფინანსური, იურიდიული და ოპერატიული ინფორმაცია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს მოთხოვნები თავიდანვე განუხორციელებელია და მიზნად ისახავს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის პარალიზებას.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად.



