„თავისუფლების მოედანმა“ ლუსტრაციის შესახებ ვრცელი კანონპროექტი შეიმუშავა, თუმცა როგორც პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, მისი ოფიციალური წარდგენა მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება პარლამენტი.
ინფორმაციისთვის: ამჟამინდელ პარლამენტსა და ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიჩნევს.
კანონპროექტის მთავარი მიზანია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის (1921-1991 წწ.) მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და შეფასება, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. დოკუმენტის მიხედვით, უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც ნებაყოფლობით ან იძულებით თანამშრომლობდნენ საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან, მათთან გათანაბრებულ სტრუქტურებთან ან კომუნისტურ პარტიასთან, და დადგინდეს შესაბამისი შეზღუდვები მათი საჯარო სამსახურში მოღვაწეობის კუთხით.
კანონპროექტით, საქართველოს პარლამენტის მიერ შეიქმნება დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანო – „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომელიც შეისწავლის საბჭოთა სპეცსამსახურების და კომუნისტური პარტიის არქივებს, მოახდენს პირთა იდენტიფიცირებას, შექმნის თანამშრომელთა რეესტრს და განახორციელებს ლუსტრაციის პროცესს. საბჭოს ექნება უფლებამოსილება მოითხოვოს ყველა შესაბამისი საარქივო მასალა სახელმწიფო უწყებებისგან და საჭიროების შემთხვევაში სხვა ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებიდანაც.
ვინ ექვემდებარება ლუსტრაციას?
- საჯარო სამსახურში უკვე დასაქმებული ან დასაქმების მსურველი პირები;
- სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ტენდერებში მონაწილე პირები, მათ შორის იურიდიული პირების დამფუძნებლები და წარმომადგენლები;
- თუ საბჭო დაადგენს საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან ან კომუნისტურ პარტიასთან ნებაყოფლობით და აქტიურ თანამშრომლობას, ასეთ პირებს 10 წლის ვადით აეკრძალებათ მაღალი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ამ პერიოდში მათი მონაწილეობა იურიდიული პირის დამფუძნებლად ან წარმომადგენლად სახელმწიფო ტენდერებში დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდება;
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს:
- საარქივო მასალების სრულად გახსნას „ეროვნული მეხსიერების საბჭოსთვის“;
- მასალების განადგურების ან მიჩქმალვის მკაცრ სანქცირებას;
- გამონაკლისის შესაძლებლობას იმ პირებისთვის, ვინც თანამშრომლობაზე იძულებული იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის გამო, ან ვინც საკუთარი წარსული ქმედებები საჯაროდ აღიარა კანონპროექტის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში;
- საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას;
„თავისუფლების მოედანი“ ხაზს უსვამს, რომ ლუსტრაციის კანონი არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი და მისი ერთადერთი მიზანი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაა.
პარტიის განცხადებით, კანონპროექტი ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს მაშინვე, როცა ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩამოყალიბდება ახალი, ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო. „ეს იქნება ჩვენი პირველი ინიციატივა ახალ პარლამენტში,“ – აცხადებენ პარტიაში.
https://www.facebook.com/freedomsquaregeo/videos/1140448057905454



