„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვებით პროკურატურას მიმართა.
ხაბეიშვილის თქმით, მომხდარიდან 50 დღის გასვლის შემდეგ კვლავ უცნობია მთავარი დეტალები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უნდა დაადგინოს – თავად ისროლა რიჟვაძემ თუ მას ესროლეს.
„50 დღეში ცხადია, პასუხები უნდა არსებობდეს – თავად ისროლა, ზურგში ესროლეს თუ რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, არავის გვინახავს, გარდა კონკრეტული სპიკერების განცხადებებისა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, ვინ იმყოფებოდა რიჟვაძის სახლში შემთხვევის დღეს და რატომ არ გასაჯაროვდა კამერების ჩანაწერები. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ იმ დღეს ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე, თუმცა ამაზე პროკურატურას ოფიციალური ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
„ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა შემთხვევა, თავისუფლად გადაადგილდება. ჩემს სახლში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, ჩემი იარაღით მკვლელობის მცდელობა რომ ყოფილიყო, გარეთ ვიქნებოდი?“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვები აქვს, რაზეც პასუხები ამ დრომდე არ გაუცემიათ: „50 დღის განმავლობაში გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყონ საავადმყოფოზე საუბარი. ერთი თვეზე მეტია, ის აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გინდათ, მისამართსაც გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც – ჩაიზეც!“
„გლოკის“ ტიპის იარაღით სცადა სუიციდი თორნიკე რიჟვაძემ – პროკურატურა



