სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, მზია მეგრელიშვილი, აჭარის მთავრობისგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვს. ის დღეს უშედეგოდ ცდილობდა სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას, რის გამოც პროტესტის ნიშნად ადმინისტრაცის წინ, ტროტუარზე იჯდა.
მზია მეგრელიშვილი “აჭარა თაიმსთან” საუბარში ამბობს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, შრომისუუნაროა და არასრულწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. მისი თქმით, ქირის გადახდას ვერ ახერხებს და მძიმე სოციალურ პირობებშია.
„ბევრჯერ მივმართე ხელვაჩაურის მერიასა და აჭარის მთავრობას, თუმცა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს. ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და უფასო სასადილოა. შვილს მარტო ვზრდი. ყოფა გაუსაძლისია და ვგეგმავ, რადიკალური ფორმებით გამოვხატო პროტესტი,“ — აცხადებს მეგრელიშვილი.
მზია მეგრელიშცილი აცხადებს, რომ არაერთ განცხადებაზე, რომელიც შესაბამის უწყებებში დატოვა, რეაგირება არ ყოფილა. ამბობს, რომ ოფიციალური პასუხის მიხედვით, საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმებში ვერ ჯდება, რაც მისივე შეფასებით, უსამართლოა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქვს რთული, შრომისუუნარო ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე — თვითმკვლელობა ვცადო თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინო, რომ დამეხმარონ? თუ ორშაბათამდე ბინის საკითხი არ მოგვარდება, თავს მოვიკლავ. მერე აღარ მითხრან, რატომ გააკეთაო,“ — ამბობს მზია მეგრელიშვილი.
“მიმდინარე წლის აპრილის თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2000 ლარი ჩაერიცხა, ასევე ივნისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი დახმარება მიიღო 500 ლარის ოდენობით. სოციალურ დახმარებასაც იღებს ოჯახი ყოველთვიურად. აღნიშნულ პირს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გასულ წლებშიც აქვს მიღებული,” – მოგვწერეს აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.



