შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერატიული ღონისძიება ჩატარდა.
დააკავეს 43 პირი, რომლებიც ბრალდებულნი არიან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები. პოლიციის ინფორმაციით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნარკოტიკები აღმოჩენილ იქნა როგორც დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას, ასევე მათი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების დათვალიერების შედეგად. ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებულ ადგილებზე მოხდა ნარკოტიკების სამალავების აღმოჩენა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას ახორციელებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე ე.წ. „ხელიდან ხელში“ გადაცემის მეთოდით.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე შემთხვევაში განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვები, რომლებიც ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერებით არის დოკუმენტირებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



