საჯარო მოხელეები - ხელოვნურად ათვისებული სივრცე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღია მმართველობის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას კვლავ უხეშად არღვევს. თავმჯდომარის, თენგიზ ირემაძის თქმით, სხდომებზე დასწრება ყველას შეუძლია, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს.
საკრებულოს დარბაზი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, მოქალაქეებისთვის ერთ წელზე მეტია, პრაქტიკულად ჩაკეტილია. დამსწრეთა ადგილებს ადმინისტრაციული რესურსით ავსებენ – საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლებით, რომლებიც არც კი იცნობენ დღის წესრიგს და არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ ესწრებიან სხდომებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს „კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ პირდაპირ ადგენს, რომ საკრებულოს სხდომები საჯარო უნდა იყოს და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა. კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარეშე – როგორიცაა დახურული სხდომა განსაკუთრებული შემთხვევებისას – სხდომის დახურვა თვითნებურად, უბრალოდ იმიტომ, რომ მოქალაქეები კრიტიკულად არიან განწყობილი, არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ უკანონოა.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ უარი თქვა კამერების თანდასწრებით მოქალაქეებთან გასაუბრება და განმარტებების მოსმენა, რომლებიც სხდომის დარბაზში შესვლას დღესაც უშედეგოდ ითხოვდნენ.
აქვე დაგაინტერესებთ: ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარეს ასფალტი სახლამდე დაუგეს, სასმელი წყალი კი ინდივიდუალურად მიუყვანეს, მეზობლებს არა – ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
საინტერესოა ის გარემოება, რომ საკრებულოს სხდომებს ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებიან. თუმცა სხდომის მსვლელობისას ისინი პასიურ მდგომარეობაში არიან – არც კითხვებს სვამენ და არც პოზიციას აფიქსირებენ. იკვეთება, რომ ამ პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს არც მოქალაქეთა ჩაგვრის ფაქტი აღელვებთ და არც კანონის დარღვევა აინტერესებთ. მათი ქმედება – ან უფრო სწორედ უმოქმედობა – შეუსაბამოა ოპოზიციური მანდატის არსთან და ამყარებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი საკრებულოში ფორმალურად არიან წარმოდგენილნი, რეალურად კი კრიტიკული კონტროლის ფუნქციას არ ასრულებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც საჯარო სხდომებზე დასწრებას ითხოვს, ამბობს, რომ საკრებულო მხოლოდ მათ განწყობას აღიქვამს პრობლემად. „სიმართლის მოსმენა არ სურთ“, – ამბობენ ისინი.
ცნობისთვის: „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და დირექტორზე, ხელვაჩაურის საკრებულოს წინა სხდომის დროს ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს საჯარო მოხელეებმა და დაცვის თანამშრომლებმა – მას შემდეგ, რაც სულხან მესხიძემ დარბაზის ხელოვნურად შევსების შესახებ შეკითხვები დასვა.
მომხდარის შემდეგ მესხიძემ მიმართა პოლიციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველს, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული უწყებების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა – საქმეზე არც გამოძიება დაწყებულა და არც განმცხადებელს დაკავშირებიან. მომხდარს ამ ეტაპზე სწავლობს მხოლოდ სახალხო დამცველი, თავისი მანდატის ფარგლებში.
გარემოება: რას აკეთებდა ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე 2023 წელს – ფაქტები თენგიზ ირემაძის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტიდან:

ამის შემდეგ ირემაძეს საქმიანობის ანგარიში არ გამოუქვეყნებია.
როგორ დასაქმდნენ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოში



