პოლონეთში საქართველოს სამმა მოქალაქემ 19 წლის ქალი გაიტაცეს, რის გამოც ისინი პოლიციამ დააკავა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკიერნიევიცის საოლქო პროკურატურამ 38, 37 და 33 წლის ქართველ კაცებს წინასწარი პატიმრობის სახით, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალი 19 წლის ქალის თავისუფლების აღკვეთაში ედებათდა 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„სკიერნიევიცის დეტექტივებმა, ლოძისა და ვირუსოვის პოლიციის თანამშრომლებთან თანამშრომლობით, დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილია 19 წლის მოზარდის თავისუფლების აღკვეთაში.
ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
19 წლის ქალს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა, თუმცა ექსპერტიზის თანახმად, იგი ძლიერი ფსიქოლოგური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც ქალს სტრესის ნიშნები აქვს.
აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებამდე დაზარალებულ ქალს სკიერნიევიცის პოლიციის შტაბის შენობაში შეწუხებული ქართველი დედა ელოდა.