საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე სამი პირის მიმართ ბრალდება წარადგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანისა და ბელარუსის მოქალაქეები, სხვა პირებთან ერთად, თბილისში და ბათუმში მდებარე ოფისებიდან ვირტუალური აქტივის კონვერტაციას ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა თბილისის და ბათუმის ოფისებსა და ბრალდებულების საცხოვრებლებში ჩხრეკისას ამოიღეს: 246 975 აშშ დოლარი, 103 210 ლარი, 1 705 ევრო, 1 380 შვეიცარული ფრანკი, 41 570 რუსული რუბლი, 750 თურქული ლირა, 759 აზერბაიჯანული მანათი და 575 არაბული დირჰამი, ასევე სხვადასხვა სახის ტექნიკა, მობილური ტელეფონები და დოკუმენტაცია.
სამი პირი 25 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.



