საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის ივლისში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის უაქციზოდ შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა 21 პირი, მათგან დაკავებულია 10. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 36 234 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 172 000 ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით, რაც დიდი ოდენობით აქციზური საქონლის მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-გაყიდვას გულისხმობს და სასჯელის სახედ ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



