ქობულეთში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გაარკვიეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. კლდიაშვილის ქუჩაზე, ნომერ 18-ში, რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას – კერძოდ, ყველის, შებოლილი სულგუნისა და მაწვნის დამზადებას – რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა.
ინსპექტირებისას დადგინდა, რომ საწარმო ფუნქციონირებდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევით. შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ამოიღეს და დალუქეს 250 კილოგრამი ყველი და 192 ქილა მაწონი. მეწარმეს ბიზნესსაქმიანობა შეუჩერდა და კანონის შესაბამისად დაჯარიმდა.
ინფორმაციისთვის: 2025 წელს, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3575 სახელმწიფო კონტროლი, რის შედეგადაც გამოვლინდა 31 არარეგისტრირებული საწარმო.



