სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების შემცველობაზე ქვეყნის მასშტაბით აღებული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოავლინა.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აკრძალული საღებავები Sudan I და Sudan IV აღმოჩნდა შპს „ნთკ 2016“-ის მიერ წარმოებულ სვანურ მარილში.
საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეში წარმოებულ პროდუქტზე. ნიმუშის დამზადების თარიღია 2 თებერვალი 2026 წელი, ხოლო ვარგისიანობის მინიმალური ვადა 2 თებერვალი 2027 წელი.
გამოვლენილი დარღვევის გამო, ბიზნესოპერატორს სვანური მარილის რეალიზაცია აეკრძალა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით პროდუქტი ბაზრიდან ამოიღეს და გამოთხოვის პროცესი განხორციელდა.
სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ აღნიშნული პროდუქტი შეძენილი აქვთ, არ გამოიყენონ.
„სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.
სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგებისა და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს.
რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევაა დაგეგმილი სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.
სურსათში Sudan I, Sudan II, Sudan III, Sudan IV, Sudan Orange G, Sudan Red G, Sudan Red 7 B და Sudan Red B საღებავების გამოყენება აკრძალულია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „სუდანის“ ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში. ისინი ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს მიეკუთვნება და ნებადართულ საკვებდანამატებს არ წარმოადგენს.

