ორთაბათუმში არსებული საბავშვო ბაღის შენობის გახსნას მშობლები და აღსაზრდელები უკვე ორი წელია ელოდებიან, თუმცა შენობის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
როგორც ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვები დროებით ბარცხანის დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით იქიდანაც ამორიცხეს, იმ იმედით, რომ ორთაბათუმის ბაღი მალე გაიხსნებოდა.
„ბარცხანის დასახლებაში არსებულ ბაღში გადაიყვანეს ბავშვები დროებით, თუმცა იქიდანაც ამოირიცხნენ, იმ იმედით, რომ ორთაბათუმის ბაღი გაიხსნებოდა და ბავშვებს იქ ვატარებდით“, – ამბობს მშობელი.
მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბაღის ხელმძღვანელი მათ ვერ ეუბნება ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ორთაბათუმის ბაღის შენობის სრული რემონტი და როდის შეძლებენ ბავშვები ახალ შენობაში გადასვლას.
აღსაზრდელების მშობლების თქმით, შექმნილი მდგომარეობის გამო მათ ბავშვების დატოვება სამსახურის პარალელურად უჭირთ.
„სახლში ბავშვების დამტოვებელი არ გვყავს. იძულებულები ვართ, ბავშვები სამსახურში ვატაროთ. უკიდურეს შემთხვევაში, მეზობელთან დავტოვოთ დროებით“, – ამბობენ მშობლები.
ორთაბათუმის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი თინათინ წინწკალაძე ამბობს, რომ ბაღის გახსნა ახალი ავეჯის დამატებაზეა დამოკიდებული.
„ბაღის გახსნა დამოკიდებულია ახალი ავეჯის დამატებაზე, რომელსაც ველოდებით. რემონტი დასრულებულია და მხოლოდ მინიმალური სამუშაოები დაგვრჩა. ბარცხანის საბავშვო ბაღში დროებით გადაყვანილი აღსაზრდელები ამოირიცხნენ, რადგან გვაქვს იმედი, რომ ამ წელს აუცილებლად შევალთ ჩვენს ახალ შენობაში. ჯერჯერობით ბავშვები არც ერთ საბავშვო ბაღში არ არიან. როგორც კი ბაღი დაიწყებს მუშაობას და გაიხსნება, შეგატყობინებთ“, – თქვა ჩვენთან საუბრისას თინათინ წინწკალაძემ.

