ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრებ 63 წლის გულიკო შარაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს, ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩა და ყოველდღიურად ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც უჭირს.
გულიკო შარაძე მცირე ზომის ქვის სახლში ცხოვრობს, სადაც ცხოვრების ელემენტარული პირობები არ არის. საცხოვრებელს არ აქვს საპირფარეშო, აბაზანა და სამზარეულო. იატაკი ქვისაა, კედლები კი მოუპირკეთებელი და შეუღებავია. მოძველებულია ფანჯრები და კარები, ფანჯრების ნაწილს კი მინებიც არ აქვს. წვიმის დროს წყალი სახურავიდან სახლში ჩადის.
63 წლის ქალი „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მანამდე მშობლებთან ცხოვრობდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა პირველად სწორედ მისამართის ცვლილებას უკავშირდებოდა, თუმცა ხელახალი გადამოწმების შემდეგ დახმარების შეწყვეტის მიზეზად, სავარაუდოდ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გახდა.
გულიკო შარაძე ამბობს, რომ მიწის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მას რეალური შემოსავალი აქვს და ელემენტარული პირობებით ცხოვრობს. მარტოხელა ქალი ამბობს, რომ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეზობლები ეხმარებიან. მათ მეორადი ავეჯი მიუტანეს, პერიოდულად კი საკვებითაც უზრუნველყოფენ.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს და ხშირად სამედიცინო ჩარევა, მათ შორის ოპერაცია, სჭირდება. სოციალური დახმარების შეწყვეტის შემდეგ კი, მისი თქმით, მაღალი სარეიტინგო ქულის გამო სამედიცინო მომსახურების ნაწილის დაფინანსებასაც ვეღარ იღებს.
63 წლის ქალისთვის სოციალური დახმარება ამ ეტაპზე ერთადერთი ფულადი შემოსავალი იყო. მისი თქმით, პენსია ყოველდღიური საჭიროებებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად საკმარისი არ არის.
გულიკო შარაძე დახმარების აღდგენას ითხოვს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფულადი შემოსავლის დაბრუნება, არამედ შესაძლებლობა, მიიღოს ის სამედიცინო სერვისებიც, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სჭირდება. მარტოხელა ქალი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მერიას მიმართავს და მისი მძიმე სოციალური მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება დაიწყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი ინფორმაცია, რომ ოჯახს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, საარსებო შემწეობა აღარ დაერიცხა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ აჭარის მასშტაბით, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდებობა 13 500-ით შემცირდა.

