პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე სოციალური მომსახურების სააგენტოსგან საარსებო შემწეობის შეწყვეტის შემთხვევებზე დეტალურ განმარტებას ითხოვს. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ინტენსიური გადამოწმებების შედეგად საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს შეუწყდა.
ჭალიძის თქმით, ეს მონაცემი დაახლოებით 39 530 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა მიუთითებდეს, თუმცა, მისი შეფასებით, პროგრამაში არსებული ხარვეზების გამო დახმარების შეწყვეტის ყველა შემთხვევა რეალურ გაუმჯობესებას არ ასახავს.
„ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომლებსაც საარსებო შემწეობის ოდენობა შეუმცირდათ, რადგან ზოგს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა გაეზარდა იმდენად, რომ საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდა, მაგრამ თანხის ოდენობა შეუმცირდა“, – განაცხადა მან.
ჭალიძე მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარების პროგრამა ვერ ხედავს რეალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ნაწილს და მათ საბაზისო დახმარების გარეშე ტოვებს. მისივე თქმით, პრობლემურია 16 წლის მოზარდებისთვის, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შემთხვევებიც.
„ამ ასაკში ისინი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან“, – აღნიშნა ჭალიძემ.
პოლიტიკოსი ასევე საუბრობს კომუნალური ხარჯების სოციალური ქულის განსაზღვრის ერთ-ერთ კრიტერიუმად გამოყენების პრობლემაზე. მისი შეფასებით, არსებული სისტემა სათანადოდ ვერ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახების განსხვავებულ პირობებს, მათ შორის, შეშის შეძენის ხარჯებს, ბუნებრივი აირის არქონას და ზამთარში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას. ჭალიძის განცხადებით, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის არასათანადოდ გათვალისწინებაც.
„არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ დეკლარაცია არასწორად შეუვსეს და ზოგიერთი სოციალური აგენტი ვარაუდით წერს მასში რაღაცეებს“, – განაცხადა მან.
ჭალიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდებს, საზოგადოებას დეტალურად აუხსნას, რა კონკრეტული საფუძვლებით შეუწყდა საარსებო შემწეობა ათიათასობით ადამიანს და გააძლიეროს სოციალური აგენტების მუშაობის კონტროლი.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ როგორც ძველი, ისე ახალი დეკლარაციები, შეადარონ მონაცემები და შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. იგი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველს.
„სოციალური პროგრამების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ადამიანების გაჭირვებით მანიპულირება და სიღარიბის მაჩვენებელი სტატისტიკების ხელოვნური მართვა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად საარსებო შემწეობას 576 902 ადამიანი, ჯამში 145 391 ოჯახი იღებს.
2023 წელს საქართველოში სოციალურ დახმარებას 182 ათასი მოქალაქე იღებდა – საქსტატი

