20 აგვისტოს, ბორჯომში, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გალა-კონცერტით გაიხსნა, მასში მონაწილეობდნენ იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ვოკალისტი მარიამ ბუგიანიშვილი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე).
შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ნინო როტას, ასტორ პიაცოლას და სხვა ავტორების ცნობილი ნაწარმოებები. ფესტივალი 20 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ორგანიზატორების თქმით, მაყურებელს ექვსი დაუვიწყარი საღამო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავი მუსიკოსები და ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები: ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო, საქართველო/თურქეთი), „Balletto Di Roma“ (საბალეტო დასი, იტალია), ნელო სალცა (საყვირი, იტალია), სოფო ხალვაში (ვოკალი, საქართველო), ანდრეს გაბეტა (ვიოლინო/დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტეგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო, საქართველო), გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და სხვები.
ფესტივალის პროგრამა:
-
22 აგვისტო, ბათუმი – „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ (ენიო მორიკონეს მუსიკა ცნობილი ფილმებიდან).
-
24 აგვისტო, ბათუმი – „ვივალდის ციებ-ცხელება“ (ანდრეს გაბეტა, მორის შტეგერი, „საქართველოს ვირტუოზები“).
-
26 აგვისტო, ბათუმი – „ტანგოს სული“ (მარიო სტეფანო პიეტროდარკი, თამარ ლიჩელი და „საქართველოს ვირტუოზები“).
-
9 ოქტომბერი, თბილისი – ბეატრიჩე ვენეცის დირიჟორობით შესრულდება იოჰანეს ბრამსის და პეტრე ჩაიკოვსკის კლასიკური ნამუშევრები.
-
11 ოქტომბერი, თბილისი – „ასტორი – ტანგოს საუკუნე“ (Balletto Di Roma და მარიო სტეფანო პიეტროდარკი).
ყველა კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქართველი მხატვრების გამოფენები, ასევე მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
„ღამის სერენადები“ 1982 წელს აფხაზეთში დააარსა მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ. იგი საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. წლიდან წლამდე ღონისძიება აგრძელებს საერთაშორისო მასშტაბის გამორჩეული არტისტების შემოკრებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.



