თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 4 დეკემბერს დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით გაიცემა.
„მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის კადასტრში უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია.
თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები განხორციელდება შესაბამისი გრაფიკით. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, განთავსულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, ინფორმაცია განახლდება ყოველ პარასკევს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.