საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
განცხადებაში, რომელიც რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ერთობლივად გაავრცელა, ნათქვამია, რომ ივნისში ივანიშვილისა და კუპრაშვილის ბიურომ, მოსამართლე მურუსიძის კლანური სასამართლოს მეშვეობით, მოითხოვა კონფიდენციალური მონაცემები იმ ადამიანების შესახებ, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივ და ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევენ.
„მოგვთხოვეს კონფიდენციალური ინფორმაცია წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, სტუდენტების, მასწავლებლების, შშმ პირთა, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და სხვა ჯგუფების შესახებ. ეს მიზანმიმართული თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – წერია განცხადებაში.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც არ შეცვალა – სასამართლომ, რომელსაც ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს (დასანქცირებული აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ), საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამით სასამართლომ დაარღვია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, არამედ:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული სტანდარტები;
- საერთაშორისო კონვენციები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ბენეფიციარების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების პირად ინფორმაციაზე, ვისაც დახმარება აღმოვუჩინეთ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოებასთან და არა – ერთპარტიულ რეჟიმთან. ჩვენი საქმიანობა, პროექტები და ფინანსური ინფორმაცია ღიაა ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში. რაც გასაჯაროებადია, უკვე საჯაროა – დანარჩენზე ბიუროსთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე პროცესები დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებასა და სამოქალაქო სექტორის განადგურებაზეა მიმართული. არასამთავრობოები ივანიშვილის ქმედებებს ადარებენ რუსეთის რეჟიმის ტაქტიკას და ამბობენ, რომ ეს არის ანტი-დასავლური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებისგან აშორებს.
„არ დავმორჩილდებით რუსულ კანონებს – ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის“, – ვკითხულობთ განცხადების დასასრულს.


