პარლამენტის ყოფილი წევრი და ეკონომისტი რომან გოცირიძე ეჭვქვეშ აყენებს 2024 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებს.
მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა 2014-დან 2024 წლამდე 200 ათასი კაცით გაიზარდა, ეწინააღმდეგება როგორც მიგრაციის, ასევე ბუნებრივი მატების რეალურ მონაცემებს.
გოცირიძის შეფასებით, აღწერაში გათვალისწინებული არ არის ძირითადი დემოგრაფიული ტენდენციები:
- ემიგრაცია: 2015-2024 წლებში საქართველოს 244 ათასი მოქალაქე გადავიდა უცხოეთში და დარჩა ემიგრანტის სტატუსით.
- ბუნებრივი კლება: ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 158-ით გადააჭარბა დაბადებულთა რაოდენობას.
„ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ რეალურად ქვეყნის მოსახლეობა ამ პერიოდში 249 ათასი ადამიანით შემცირდა,“ – აცხადებს გოცირიძე.
მისი თქმით, მოსახლეობის 200 ათასი ერთეულით ზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ქვეყანა დამატებით 449 ათას უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიიღებდა, ვინც მუდმივად დარჩებოდა საქართველოში. თუმცა ოფიციალური სტატისტიკით, 2012-2024 წლებში ასეთი მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 230 ათასს შეადგენს.
„ეს ნიშნავს, რომ აღწერის შედეგებში რეალურ სურათთან აცდენა შეადგენს 219 ათას ადამიანს. ეს მონაცემები აჩენს ეჭვს, რომ აღწერა ან სერიოზულად შეცდომით არის ჩატარებული, ან მიზანმიმართულად გაყალბებული,“ — ამბობს გოცირიძე.
გოცირიძე ასევე აკრიტიკებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუშაობას და აცხადებს, რომ ის ხშირად მანიპულაციურად იყენებს მონაცემებს, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ დემოგრაფიულ სურათზე, არამედ სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც.
ინფრმაციისთვის: 2024 წელს ჩატარებული აღწერის წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონს აღემატება, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 200 ათასით მეტი არის.



