საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენენ. კომპანიის სამკერვალო საწარმო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მდებარეობს.
უწყების ცნობით, ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარიმართება.
განათლების სამინისტროს განმარტებით, 2026–2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც მათი შეფასებით ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.
უწყების ცნობითვე, ახალი სასწავლო წლისთვის ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ქსიაოლინ ლიუა.
ცნობისთვის, განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.



