რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან საზოგადოებრივი სივრცე დროებით მიუწვდომელი გახდა, იოგას აქტივობის გამო, რომელსაც ძირითადად ესწრებოდნენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ იოგას გაკვეთილში მონაწილეთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც ადგილობრივთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მსგავსი ფაქტი მიუღებელია. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიერ საჯარო სივრცეებში გამართული მასობრივი ღონისძიებები, განსაკუთრებით რუსულ ენაზე, პროტესტსა და შეურაცხყოფად აღქმულ რეაქციებს იწვევს.
„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია, ძველ ბულვარში ჩატარებული იოგას აქტივობის ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ „ბათუმის იოგის საზოგადოება“, რომლის გამგეობის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან, ხოლო ორგანიზაციის თავმჯდომარე ყაზახეთის მოქალაქეა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქტივობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
“უკვე რამდენიმე წელია, ბათუმის ბულვარში, ყოველდღიურ აქტივობებს ატარებს იოგას საზოგადოება. ასევე, ყოველწლიურად, იოგის საერთაშორისო დღისადმი მიძვღვნილ საჯარო ტრენინგს მართავს, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარს წერილობით მომართა იოგის საზოგადოებამ და შედგა სიტყვიერი შეთანხმება. თუმცა, როგორც კი შეიქმნა საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით გარკვეული შეფერხება (რაც გამოიხატებოდა მონაწილეთა სიმრავლით სასეირნო ზონაში), დაცვის მხრიდან, ორგანიზატორებს მიეცათ შენიშვნა/გაფრთხილება,” – წერილობით გვიპასუხეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.
ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ვიდეო და ფოტო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ ბულვარსა და პლაჟზე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა აქტივობას, შეკრებებსა და ღონისძიებებს ატარებენ. აღნიშნულ ფაქტებზე საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს და საკითხის რეგულირების საჭიროებაზე საუბრობს.



