2022 წლის მონაცემებით საქართველოს საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის კუთხით ამგვარი სურათია – ქალები შეადგენენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა მხოლოდ 31%-ს, ამის შესახებ იმ კვლევაში წერია, რომელიც “საჯარო სამსახურის ბიურომ” ჩაატარა.
კვლევაში ასევე, აღნიშნულია, რომ თუ ამ მაჩვენელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულებს გამოვაკლებთ, ეს ციფრი იზრდება და შეადგენს 59%ს. საჯარო სამსახურში I და II რანგის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის ქალები 43%-ს შეადგენენ, I რანგის პოზიციებზე ეს მაჩვენებელი 34%-მდე მცირდება.
გენდერული უთანასწორობა საგრძნობლად იზრდება მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე – საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელების თანამდებობაზე 9%, ხოლო ხელმძღვანელების მოადგილეების პოზიციაზე – მხოლოდ 15%-ია ქალი.
“მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში ქალთა რაოდენობის გარკვეული ზრდისა (კერძოდ, I და II რანგის ხელმძღვანელ თანამდებობებზე 2018 წელს იყო ქალების 39%, ხოლო 2022 წელს – ქალების 43%), საჯარო სამსახურში დაწესებულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე ჭარბობენ კაცები. უფრო მეტიც, მონაცემები აჩვენებს, რომ საჯარო დაწესებულებებში საგრძნობლად მცირდება ქალთა რაოდენობა ხელმძღვანელების დონეზე (2019 წელს ქალები იკავებდნენ ხელმძღვანელი თანამდებობების 15%-ს, ხოლო 2022 წელს – 9%-ს,”- ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევამ გამოავლინა საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის დამაბრკოლებელი ორი ძირითადი ბარიერი: ქალების დაბალი წარმომადგენლობა საჯარო სამსახურში მაღალ პოზიციებზე და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული მეორე პრობლემა – გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს ნაკლებობა.
საჯარო სამსახურში მაღალ პოზიციებზე ქალების დაბალი წარმომადგენლობის მიზეზებად გამოვლინდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა გენდერული როლები და სტერეოტიპები, ე.წ. „შუშის ჭერი“, აუნაზღაურებელი საოჯახო და ზრუნვის შრომის დისპროპორციული ტვირთი ქალებზე. მოქნილი სამუშაო გრაფიკით სარგებლობის შესაძლებლობების ნაკლებობა, ცუდად რეგულირებული ზეგანაკვეთური სამუშაო, დეკრეტული შვებულების აღებასთან დაკავშირებული პრობლემები და ზრუნვის მომსახურებების (სკოლა, ბაღი, ა.შ.) მოუქნელი სამუშაო საათები დასახელდა ძირითად გამოწვევებად გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს კუთხით.
რატომ არის საჭირო გენდერული თანასწორობა საჯარო სამსახურში?
ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე არის გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა. როდესაც ქალები იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს საჯარო სამსახურში, საჯარო დაწესებულებები ხდება გენდერულად უფრო ინკლუზიური; ასეთი დაწესებულებები კი უზრუნველყოფს ეფექტიანი მომსახურებების მიწოდებას და პოლიტიკის შექმნას.
ინფორმაციისთვის: კვლევა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
კვლევა ეფუძნება ევროკავშირის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ISET-ის მიერ იქნა ადაპტირებული 2021 წელს2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება მიზნად ისახავს, საჯარო სამსახურის ბიუროს დაეხმაროს გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჯარო სამსახურში.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა. კერძოდ, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა გაუქმდა, რომელიც საარჩევნო სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა.
აქვე დაგაინტერესებთ: ცოლები კაპიტალის გარეშე – ქონებრივი დისბალანსი ჩინოვნიკების დეკლარაციებში