
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა საქმე „Amaghlobeli v. Georgia“, რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობასა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებს.
როგორც იურისტი ნონა ქურდოვანი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლომ საქართველოს მთავრობისთვის გააკეთა კითხვების კომუნიკაცია, რაც ნიშნავს, რომ საქმე შესულია სასამართლოს აქტიურ განხილვაში. კითხვა დაისვა, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის საფუძველზე, რომელიც საუბარს აწარმოებს ადამიანის უფლებების დარღვევის უკან არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვები შემდეგია:
- დაირღვა თუ არა განმცხადებლის თავისუფლების უფლება კონვენციის 5(1) მუხლის საფუძველზე? განსაკუთრებით, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაკავება 5(1)(გ) ქვეპუნქტს — იყო თუ არა იგი დასაბუთებული და ეფუძნებოდა თუ არა გონივრულ ეჭვს?
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა მოიყვანეს შესაბამისი და საკმარისი არგუმენტები წინასწარი პატიმრობის როგორც პირველადი, ასევე მისი გაგრძელების დასასაბუთებლად — კონვენციის 5(3) მუხლის მოთხოვნების შესაბამისად? განიხილეს თუ არა მათ პატიმრობის ალტერნატიული ზომები?
- გაჩნდა თუ არა განმცხადებელს ეფექტიანი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლო პატიმრობის კანონიერების გასაჩივრება — როგორც ამას კონვენციის 5(4) მუხლი ითხოვს?
- დაირღვა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია კონვენციის 6(2) მუხლის საფუძველზე, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებაში იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საქმის პარალელური წარმოებით
- შედიოდა თუ არა ჩარევა განმცხადებლის კონვენციის 8(1) და 10(1) მუხლებით გარანტირებულ უფლებებში, ტელეფონის ამოღებისა და ჩხრეკის საფუძველზე? და თუ კი, შეესაბამებოდა თუ არა ეს ჩარევა 8(2) და 10(2) მუხლებით განსაზღვრულ პირობებს?
- გაჩნდა თუ არა განმცხადებელს ეფექტიანი შიდა სამართლებრივი საშუალება კონვენციის 8 და 10 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საკითხზე – კონვენციის 13-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად?
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული პატიმრობა გამოყენებული იყო სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ ძირითადი მიზნისა, რაც განსაზღვრულია კონვენციის 5-ე მუხლით? და შესაბამისად, დაირღვა თუ არა მე-18 მუხლი?
სასამართლოს მიერ დასმული კითხვებზე პასუხების წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევალება. სწორედ ამ პასუხების საფუძველზე იმსჯელებს სტრასბურგის სასამართლო, დაირღა თუ არა მზია ამაღლობელის უფლებები.