ბათუმის მერიასთან უსახლკაროების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთა მოთხოვნა იყო ბათუმის მერთან შეხვედრა, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში სოციალურად დაუცველები არჩილ ჩიქოვანს შენობის ფოიეში ელოდებოდნენ, თუმცა სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დაცვის თანამშრომლებმა ისინი შენობიდან ძალდატანებით გამოიყვანეს.
პროტესტის მიზეზი ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ინსპექციის თანამშრომლებმა მათ მიერ ეზოში აშენებული ხის ფიცრული დაანგრიეს, რომლის გამოყენებას საპირფარეშოდ და საერთო სამზარეულოდ აპირებდნენ.
უსახლკაროების თქმით, ფიცრულის დემონტაჟის შედეგად კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათთვის აუცილებელია მინიმალური ცხოვრების პირობები.



