შსს-ს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, მცირე სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ კაცს, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თანხას სისტემატურად სძალავდნენ.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მეწარმეს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდნენ. მათ ასევე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
შსს-ს განცხადებით, მეწარმეს სხვადასხვა დროს დაახლოებით 190 ათასი ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, სამ პირს კი ბრალი წარედგინა. მათ შორის ერთ-ერთი, რომელსაც უწყება კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებს, საზღვარგარეთ მიმალვაშია და წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის იძებნება.
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო გამოძალვის გზით დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე ამოღებულია ორი ავტომობილი, რომლებიც, შსს-ს ინფორმაციით, მიმალვაში მყოფი პირის ოჯახის წევრების მფლობელობაში იყო და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხით იყო შეძენილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

