ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში 17 ოჯახი წლებია იმ პრობლემის მოგვარებას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესს უკავშირდება.
ადგილობრივების თქმით, ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს მიაკუთვნეს, რის გამოც ამ მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია ვეღარ შეძლეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარა, მოამზადეს საკადასტრო ნახაზები, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს, თუმცა საბოლოოდ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
მათი თქმით, მიწის გარეშე სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრებელი ადგილები.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სოფელ მახოში მოსახლეობას პარტია „ძლიერი საქართველო“ შეხვდება. პარტიის ინფორმაციით, წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან თითოეული ოჯახის მდგომარეობას, მოისმენენ მოსახლეობის პოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადახედოს აღნიშნულ საქმეებს, რათა მოქალაქეებს საკუთარი მიწების დაკანონების შესაძლებლობა მიეცეთ.
„ძლიერი საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სოფლის გაძლიერებასა და მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებას, ხოლო მსგავსი შემთხვევები ინდივიდუალურად და სამართლიანად უნდა იქნას შესწავლილი.

