საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემები უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობისა და მიღებული შემოსავლების შესახებ.
სტატისტიკაში ნათქვამია, რომ 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.7 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული რაოდენობიდან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 875.5 ათასი და 621.3 ათასი ვიზიტი. იმისთვის, რომ ვიზიტების რაოდენობის დინამიკა უფრო ცხადად წარმოვაჩინოთ, აღნიშნული მონაცემები 2024 და 2025 წლების მეორე კვარტლების სტატისტიკას შევადარეთ.
აღმოჩნდა, რომ, იმავე საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ზუსტად იმდენივე არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რამდენიც მიმდინარე წლის II კვარტალში – 1.7 მილიონი. აღნიშნული რაოდენობიდან, 1.5 მლნ იყო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. აჭარაში კი ვიზიტების რაოდენობამ 569.2 ათასი შეადგინა.
რაც შეეხება 2025 წლის II კვარტალს, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, ხოლო აჭარაში განახორციელებული ვიზიტების რაოდენობამ – 629.8 ათასს.

მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში იმდენივე ვიზიტი დაფიქსირდა, რამდენიც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე 2025 წლის მეორე კვარტალში. პარალელურად, კლება აისახა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზეც. კერძოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 8 500-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა.
საინტერესოა, რომ 2024 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე იყო რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.6%-იანი წილით. 2025-2026 წლების ანალოგიური პერიოდების მიხედვით კი, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, შესაბამისად, 309.4 ათასი, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4%-ია და 328.9 ათასი, ანუ ჯამური რაოდენობის 25.1%. მეორე-მესამე ადგილებზე კვლავ თურქეთი და სომხეთი არიან.
საქსტატის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შემცირებულია ვიზიტებისას გაწეული ხარჯების მოცულობაც. 2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, 2025 წლის II კვარტალთან შედარებით, 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტები გაზრდილია, ხოლო გაწეული ხარჯი – შემცირებული, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ისინი საქართველოში ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
ინფორმაციისთვის: ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი (ამ კონკრეტულ სტატიაში საუბარია მხოლოდ არარეზიდენტ ვიზიტორთა სტატისტიკაზე) მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).
ვიზიტი არის ვიზიტორების გადაადგილება: ვიზიტორების რაოდენობა არის ტურისტებისა (ვიზიტორი ღამისთევით) და ექსკურსანტების (ვიზიტორი ღამისთევის გარეშე) რაოდენობათა ჯამი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
ჯილდო, რომელიც კითხვებს აჩენს – რას წარმოადგენს რეალურად World Travel Awards
აშშ ამკაცრებს ზომებს „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ

