ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 13 ივნისის გადაწყვეტილებით უძრავი ქონება – 169,52 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც მდებარეობს ახალგაზრდობის ქუჩა №18-ში, უსასყიდლოდ გადასცა აჭარის მთავრობას.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მერიამ საკუთრება აჭარის მთავრობას თავმჯდომარის წერილის საფუძველზე გადაუფორმა. აღნიშნული უძრავი ქონება, რომელიც ადრე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, ახლა გადადის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე, თავის მხრივ აჭარის მთავრობა ფართობებს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრებაში გადასცემს.
“აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემას წინ შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია უძღვოდა, რომელიც აფასებდა ფიზიკური პირებისა და სხვადასხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელ ფართებსა და ობიექტებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე,” – წერია საკრებულოს დადგენილებაში.
საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბინის საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას უზრუნველყოფს. დოკუმენტში არაა განმარტებული თუ როგორ მოხვდნენ ის ოჯახები სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში.
წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მოსახლეობა 15 წელია, რაც აღნიშნულ შენობაში საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ცხოვრობენ.



