ელისო ბოლქვაძის ადგილსამყოფელის გარკვევას თავდაპირველად აჭარის კულტურის სამინისტროში ვერ ახერხებდნენ — კითხვაზე, სად იმყოფებოდა მინისტრი, უწყების პრესსამსახურმა პასუხის გაცემა მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეძლო.
სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, სუზანა ვაშაყმაძემ პირველ ეტაპზე არ იცოდა, სად იმყოფებოდა მისი ხელმძღვანელი და საკითხის დასაზუსტებლად დრო ითხოვა.
რამდენიმე წუთში კი “აჭარა თაიმსს” აცნობა, რომ ელისო ბოლქვაძე შვებულებაშია. მინისტრის შვებულებაში ყოფნის დადასტურება ოფიციალურადაც მოვითხოვეთ და შესაბამისი წერილი 22 ივლისს, 14:31 საათზე ფოსტით გავაგზავნეთ. პასუხი იმავე დღეს, 16:17 საათზე მივიღეთ.
მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, ელისო ბოლქვაძე ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფება 2025 წლის 8-დან 23 ივლისის ჩათვლით, სულხან თამაზაშვილის ბრძანების საფუძველზე. ბრძანება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში, თუმცა ოფიციალურ ელექტრონულ ბაზაში დოკუმენტი 10 ივლისს, 11:53 საათზე აიტვირთა.
რამდენიმე, სხვა უწყებაში გადამოწმებისას საჯარო მოხელეებმა გვითხრეს, რომ პრაქტიკის თანახმად, შინაგანაწესის მიხედვით, შვებულების მოთხოვნა თავდაპირველად უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში, რის შემდეგაც პასუხისმგებელი პირი აწერს დოკუმენტს ხელს. თუმცა ასე არ მომხდარა ელისო ბოლქვაძის შემთხვევაში.
ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 4 მარტს თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.
ოთხი თვის განმავლობაში ბოლქვაძე სულ მცირე სამჯერ იყო შვებულებაში. როგორც “აჭარა თაიმსს” რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ, სამინიატროდან განუცხადეს, რომ მინისტრი სამსახურში ხშირ შემთხვევაში არ ცხადდება. თანამშრომლებს კი არ აქვთ ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ბოლქვაძე სამუშაო სივრცეში იშვიათად ჩნდება.
ცნობისთვის: ბოლო შესყიდვების დოკუმენტაციით ირკვევა, რომ აჭარის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ლადო მგალობლიშვილია მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებს სწორედ ის აწერს ხელს.
აქვე დაგაინტერესებთ: აჭარის კულტურის სამინისტროში თანამდებობების გადანაწილებაზე რამდენიმე პირი ვერ თანხმდება. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდზე “აჭარა თაიმსი” წერდა.
აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და კულტურის მინისტრის მოქმედი მოადგილე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წყაროები უწყებიდან გვიყვებიან, რომ კონფლიქტის მიზეზად თანამდებობრივი განხილვები და “პოზიციების ვერგაყოფაა”.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების სამინისტროდან დაითხოვეს.



