
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტებზე ორი პირი – 1994 წელს დაბადებული თ.კ. და წარსულში ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს დანაშაულებრივი საქმიანობა სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონის“ გავრცელებას უკავშირდებათ. სამართალდამცველებმა ბათუმში, ჩხრეკისას, ბრალდებულების პირადი ნივთებიდან, საცხოვრებელი ბინიდან, ავტომობილიდან და სხვა ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.