ნატალია ძიძიგური ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს. ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ ბათუმის მერიაში დაუდასტურეს.
ნატალია ძიძიგური წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოს“ მანდატით მოხვდა, თუმცა მოგვიანებით თანაგუნდელებმა ის ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის შემდეგ ძიძიგური დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებდა საქმიანობას.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ნატალია ძიძიგური ოპოზიციის პროტესტს არ შეუერთდა, არ დატოვა სხდომა და ხმა მისცა „ქართული ოცნების“ მიერ დასმულ ყველა საკითხს, რაც პარტიიდან გაშვების მიზეზი გახდა. მაშინ ნატალია ძიძიგურმა განმარტა, რომ „მე დამოუკიდებელი ვარ და საკრებულოში კრიზისს არ დავუშვებ“.
დამოუკიდებელი დეპუტატის როლზე დამტკიცების შემდეგ ძიძიგური მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს და აქტიურად მონაწილეობდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო ღონისძიებებში. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი გახდა მისი ბათუმის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნის საფუძველი.
ცნობისთვის, საჯარო ბიბლიოთეკას მანამდე ჯონი საბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის შესაძლო გათავისუფლებაზეც „აჭარა თაიმსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯონი საბაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს



