„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ დიდი 10-ის მე-17 ტურში „რუსთავის ხარებს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 24:8 მოიგო. გამარჯვებასთან ერთად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „სარბიელის სინი“ დაიბრუნა.
„ბათუმის“ შემადგენლობიდან ლელოს გატანა ნუკრი ფერსელიძემ და რეზო ჯინჭველაშვილმა შეძლეს. ჯინჭველაშვილმა გატანილ ლელოს ოთხი წარმატებით შესრულებული ჯარიმაც დაუმატა.
„სარბიელის სინი“ გარდამავალი ჯილდოა, რომელიც 1995 წლიდან თამაშდება. მისი მოპოვების შესაძლებლობა გუნდებს საქართველოს რეგულარული ჩემპიონატის – „დიდი 10-ის“ – მიმდინარეობისას ეძლევათ.
მე-17 ტურის შემდეგ „რკ ბათუმი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია – ბათუმელებს 62 ქულა აქვთ. მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 21 მარტს „ქუთაისის აიას“ წინააღმდეგ გამართავს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


