აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ირმა გაბინაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია მან „აჭარა თაიმსს“ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ უკვე მეორე დღეა სამუშაო პროცესშია და უწყების სპეციფიკას ეცნობა.
გაბინაშვილმა ჩვენთან საუბრისას არ დააკონკრეტა, რა პოლიტიკა ექნება აჭარის მთავრობას მომავალში მედიასთან ურთიერთობისას. მისი თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობა პრიორიტეტული მიმართულება იქნება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„მეორე დღეა, რაც აქტიურ და საკმაოდ თავბრუდამხვევ საქმიანობაში ვარ ჩართული. ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ მაქსიმალურად მუშაობა იყოს თვალსაჩინო. ყველა შრომობს, ჩვენ ვმუშაობთ და საჭიროა, რომ ეს ყველაფერი სწორად იყოს წარმოჩენილი, რისთვისაც აუცილებელია ეფექტიანი მართვა.
მედიასთან ურთიერთობის არსებულ პრაქტიკას ვეცნობი. ამ წუთებშიც შეხვედრაზე ვარ მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად და პირდაპირი მესიჯი არის, რომ მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია პრიორიტეტულია. მინდა, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, თუმცა ამას სჭირდება დრო და ანალიტიკური მიდგომა. ყველაფერს დრო აჩვენებს“, – განაცხადა ირმა გაბინაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
„აჭარა თაიმსმა“ ირმა გაბინაშვილს სთხოვა შეეფასებინა „ქართული ოცნების“ მედიასთან კომუნიკაციის ფორმა და სტილი, ასევე ეთქვა, იქნება თუ არა აჭარის მთავრობის სხდომები დამოუკიდებელი მედიისთვის ღია. თუმცა მან კითხვას არ უპასუხა და მოუცლელობის მიზეზით სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.
ინფორმაციისთვის: ირმა გაბინაშვილს საჯარო და მესამე სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში იგი „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს“ წარმოადგენდა აჭარაში, მანამდე, კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში, ქობულეთის მერიის მაღალჩინოსნი იყო.
ცნობისთვის: არსებული პრაქტიკის თანახმად, ბოლო წლებში აჭარის მთავრობა დამოუკიდებელ მედიასთან არ თანამშრომლობს. მედია ვერ ესწრება მთავრობის სხდომებს, ხოლო საჯარო ღონისძიებები წინასწარი ანონსის გარეშე იმართება. მაგალითად, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობის დროს დამოუკიდებელ მედიასთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ არსებობდა. მსგავსი ვითარება იყო მისი წინამორბედის, თორნიკე რიჟვაძის მუშაობის პერიოდშიც.
დაკავშირებული თემები ⇓
კარჩაკეტილი მმართველობა აჭარაში – ცოტნე ანანიძე თვითიზოლაციის პოლიტიკაზე კითხვებს არ პასუხობს
დავით გაბაიძემ მედიას საჯარო სხდომის გაშუქების უფლება არ მისცა
საქართველოში მედიის თავისუფლება გაუარესდა — RSF-ის 2025 წლის ანგარიში



